შსს-ს თანამშრომლებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების თბილისის №200 საჯარო სკოლას ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, მოსწავლე-ახალგაზრდობას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სახანძრო უსაფრთხოების თემაზე ღია გაკვეთილი ჩაატარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს სახანძრო ტექნიკა გააცნეს და სახანძრო აღჭურვილობა დაათვალიერებინეს. ღია გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში მომზადებული სახელმძღვანელო „პომპიერო“, რომელიც ბავშვებისთვის არის განსაზღვრული. მასში აღწერილია ხანძრისგან თავის დაცვის წესები.