პოლონეთში ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილე პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაცეი ვონსიკი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავა, სადაც ისინი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მრჩევლების დანიშვნის ცერემონიას ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კამინსკი და ვონსიკი იმ დროს დააკავეს, როდესაც დუდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ, მას ყოფილ მინისტრსა და მის მოადგილესთან უნდა ესაუბრა.

როგორც პოლონეთის შს მინისტრის მოადგილემ, ჩესლავ მროჩეკმა სოციალურ ქსელში დაწერა, “დაკავება სასამართლოს დადგენილების შესაბამისად მოხდა“.

დუდას ოფისის ხელმძღვანელმა, გრაჟინა იგნაჩაკ-ბანდიჩმა განაცხადა, რომ „დაირღვა კანონის უზენაესობის პრინციპები და პოლონეთის სახელმწიფოს ღირსება შეილახა“. მისი თქმით, დუდა დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს.

„ეს არის დასჯა იმისთვის, რომ მათ ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის დროს აღმოაჩინეს კორუფციული სკანდალი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, როდესაც დონალდ ტუსკი პრემიერმინისტრი იყო. დონალდ ტუსკმა შური იძია”, – თქვა მან.

2015 წლის მარტში ვარშავის რაიონულმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2007 წლის “მიწის სკანდალის” საქმეში ძალაუფლების გადამეტებისა და უკანონო ოპერატიული საქმიანობისთვის.

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 2015 წელს კამინსკი და ვონსიკი შეიწყალა. თუმცა, გასული წლის ივნისში, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ საკასაციო აპელაციების შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელების მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. საქმე სასამართლოს დაუბრუნდა.

2023 წლის დეკემბერში ვარშავის რეგიონალურმა სასამართლომ კამინსკის და ვონსიკს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

8 იანვარს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათი დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები