ნოდარ ხადური ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელთა საზეიმო მიღებას დაესწრო
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიულოცა, სადაც იგი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელთა საზეიმო მიღებას დაესწრო.
„დღეს საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ათასობით პირველკლასელი და პირველკურსელი საკუთარი და საქართველოს წარმატებისათვის პირველ, სერიოზულ, ხშირ შემთხევაში გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს. მინდა მათ ეს დღე მივულოცო. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოლოდინი, რაც უკავშირდება თსუ-ში ცოდნის მიღებას, გამართლდება და ისინი ძალიან კარგი სტუდენტები გახდებიან,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
დღესვე სამახსოვრო საჩუქრებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ის პირველკურსელები დააჯილდოვეს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღეს.