საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
‘საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სამოქმედო გეგმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. გეგმის მიხედვით გაწერილია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზგასმულია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა 2024 წელს საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა იქნება.
“2023 წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიღწევის გზაზე და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც კომიტეტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მინდა, კომიტეტის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს.