“ელექტრონული არჩევნების შესახებ 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული” – ცესკო
“საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლიდან არჩევნების მოდერნიზების გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. სწორედ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას”,- ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
“საარჩევნო პროცესში სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას ამომრჩეველთა ინფორმირების შესახებ.
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამ დროისათვის 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ასე ადრე ამ მასშტაბით ინფორმირების კამპანიის დაწყება უპრეცედენტოა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მხოლოდ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართებოდა ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე – მოქალაქეებს პირადად ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და პრაქტიკაში გამოეცადათ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. მათ შორის მუნიციპალურ დაწესებულებებში ტექნოლოგიებს გაეცნო 32 000-მდე, 20 მეტროსადგურში 30 000-მდე, იუსტიციის სახლის 27 ფილიალში 23 000-მდე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 18 000-მდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შსს მომსახურების სააგენტოს 10 ფილიალში და სხვა დაქვემდებარებულ უწყებებში 25 000-მდე ამომრჩეველი და ა.შ.
ამომრჩეველთა ინფორმირება იყო ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიმართულებით პროექტებში მონაწილეობდა და სიღრმისეულად გადამზადდა 16 000-მდე პირი. აღსანიშნავია, რომ მათი ინტერესის შემთხვევაში ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციურ წევრებს წარმოადგენენ.
საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდა როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები.
ამასთან, ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ამომრჩეველს – ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით. იხილეთ ბმული: https://game.cec.gov.ge/
საინფორმაციო კამპანია მომავალ წელს უფრო გაფართოვდება და განსაკუთრებით ინტენსიური იქნება საარჩევნო პერიოდში. ამასთან, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ინფორმირების კამპანიას შესაბამისი საარჩევნო პროცედურებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის.
ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.