“რუსეთმა დღეს თითქმის 110 რაკეტა გაუშვა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყნის დღევანდელ მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ოკუპანტებმა თითქმის 110 რაკეტა გაუშვეს.
„სამშობიარო სახლი, სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, პარკინგი – კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები.
სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და საჭირო დახმარებას უწევენ. ვუსამძიმრებ, დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის და მთელი ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს – და ეს ასეც მოხდება”,- დაწერა ზელენსკიმ.