საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან − ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია.
აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ენრიკო ვალვომ პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მთავრობის მეთაურმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები