“ჩვენ ვიცით “რუსთავი 2”-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა“

მედია უკეთესი უნდა გახდეს – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა და კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა აიკრძალა, ეს ყველაზე დიდი უბედურების მომტანი იქნება.
“სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიჰყავდა ქვეყანა”, – აცხადებს ივანიშვილი.
ექსპრემიერი ფიქრობს, რომ “რუსთავი 2” “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ეწევა, თუმცა, მისი თქმით, “უფრო მძიმე” სიტუაცია სხვა ტელევიზიებშია.
“ჩვენ ვიცით “რუსთავი 2”-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. “რუსთავი 2”-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ – რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ – ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები – გინდაც “პირველი არხი”, “მაესტრო” თუ “იმედი”, რადგან ნებით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს “რუსთავი 2”. რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს… სამი ტელევიზია დავასახელე და, საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა “რუსთავი 2-დან”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები