აშშ-ში სასამართლომ მამაკაცი, რომელმაც ციხეში 48 წელი გაატარა, უდანაშაულოდ ცნო – გლინ სიმონსმა კომპენსაციის სახით შესაძლოა, 175 ათასი დოლარი მიიღოს

ოკლაჰომას სასამართლომ 71 წლის გლინ სიმონსი, რომელმაც ციხეში მკვლელობის ბრალდებით 48 წელი გაატარა, უდანაშაულოდ ცნო.

მედია წერს, რომ სიმონსი მას შემდეგ გაამართლეს, რაც შტატის პროკურორებმა დაასკვნეს, რომ მისი საქმის ძირითადი მტკიცებულებები ადვოკატებს არ გადაეცათ.

მამაკაცი 1974 წელს ქალაქ ედმონტის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში კაროლინ სიუ როჯერსის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. სიმონსი თავს უდანაშაულოდ აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ მკვლელობის დროს ლუიზიანაში იმყოფებოდა.

თავდაპირველად, სიმონსს და მის სავარაუდო თანამზრახველს – დონ რობერტსს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა, 1977 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეიცვალა, გლინ სიმონსი პირობითად 2008 წელს გაათავისუფლეს.

AP-ის ცნობით, ოკლაჰომას ოლქის მოსამართლე ემი პალუმბომ ივლისში ახალი სასამართლო პროცესი მას შემდეგ დანიშნა, რაც ოლქის პროკურორმა – ვიკი ბეჰენამ განაცხადა, რომ პროკურორებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაფარეს, მათ შორის, თვითმხილველის ჩვენება.

გამამართლებელი განაჩენი გლინ სიმონს აძლევს უფლებას, მოითხოვოს კომპენსაცია 175 ათასი დოლარის ოდენობით. ამასთან, მისმა ადვოკატმა – ჯო ნორვუდმა თქვა, რომ კომპენსაციის გადახდას შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს – მაშინ, როდესაც მისი კლიენტი შემოწირულობებით ცხოვრობს და ციხეში აღმოჩენილ კიბოს ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები