“სამართლებრივ ასპარეზზე საკმაოდ სერიოზული რესურსი გვაქვს დაგროვებული, რომელიც არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ საერთაშორისო პროცესებს ეხება” – გია ვოლსკი
“საკმაოდ სერიოზული რესურსი გვაქვს დაგროვილი სამართლებრივ ასპარეზზე, რომელიც არა მარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ეხება და ამ მხრივ საქართველოსთან პარტნიორ ქვეყნებს სასაყვედურო არაფერი აქვთ”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
„საქართველოს საკმაოდ სერიოზული ბაგაჟი აქვს დაგროვებული სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის თემის გადაცემა უკრაინასთან დაკავშირებით ჰააგის ტრიბუნალისთვის. როდესაც მოლდოვა გარკვეული მიზეზების გამო ვერ აწერს ასეთ გადაწყვეტილებაზე ხელს და მის მიმართ არავის აქვს პრეტენზია, რასაკვირველია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება უნდა მივიჩნიოთ ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. საკმაოდ სერიოზული რესურსი გვაქვს დაგროვილი სამართლებრივ ასპარეზზე, რომელიც არამარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ეხება და ამ მხრივ საქართველოსთან პარტნიორ ქვეყნებს სასაყვედურო არაფერი აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.