ვატიკანმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევა დაუშვა
რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკე მღვდლებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევა დაშვებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერის თქმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება გარკვეულ პირობებში დაშვებული იქნება, თუმცა, ვატიკანმა განმარტა, რომ დალოცვა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი ან დაკავშირებული სამოქალაქო ქორწინებებთან.
მანვე დასძინა, რომ იგი ქორწინებას კვლავ მამაკაცსა და ქალს შორის განიხილავს.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის მიერ გაცემული დოკუმენტი დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა.
ვატიკანის განცხადებით, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ „ღმერთი მიესალმება ყველას“, მაგრამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მღვდლებმა გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევების მიხედვით უნდა მიიღონ.
ტექსტის გაცნობისას კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა, ეკლესიის პრეფექტმა, თქვა, რომ ახალი დეკლარაცია ქორწინების შესახებ ეკლესიის ტრადიციული დოქტრინის მტკიცე ერთგული იქნება, თუმცა, იქვე დაამატა, რომ პაპის „პასტორალური ხედვის“ შესაბამისად კათოლიკური ეკლესიის მიმართვის „გაფართოების“ შესახებ, ახალი მითითებები მღვდლებს საშუალებას მისცემს დალოცონ ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოდვად ითვლება.