ირაკლი ქარსელაძე: შედეგებით სავსე ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა
“შედეგებით სავსე ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა. ასევე, მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი წინაპირობები, რაც მომდევნო წლების კიდევ უფრო დიდი წარმატების მყარ საფუძველს ქმნის”, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელი შედეგიანია.
„რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2023 წელი ძალიან შედეგიანი და მთელი რიგი პროექტებისთვის გარდამტეხი იყო.
გაიხსნა 37 კმ მაგისტრალური გზა. აქედან, 27 კმ რიკოთის საუკუნის პროექტის ძირითადი მონაკვეთები იყო, სადაც უკვე ხელშესახებია ის სარგებელი, რასაც შემცირებული მანძილის, დაზოგილი დროის თვალსაზრისით ვხედავთ. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია, როგორც ამ მონაკვეთზე, ისე ყველა სხვა მონაკვეთებზე, სადაც აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები.
მნიშვნელოვანია კახეთის 35-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროგრესი. უკვე გაიხსნა 4 კილომეტრიანი მონაკვეთი და მთლიანად მშენებლობა გაისად იქნება. 2025 წელს დასრულდება საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მონაკვეთიც. ჯამურად, ჩვენ ვსაუბრობთ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე კახეთის მიმართულებით. ასევე, 9 კმ-იანი ქვეშეთი-კობის გვირაბის 8 კილომეტრზე მეტი უკვე გაბურღულია, რომელიც ისტორიული პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს,” – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.