თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632 132,6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 700 912,4 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 62 442,3 ათასი ლარით. აღნიშნული არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კაპიტალური ტრანსფერი.
2024 წლის ბიუჯეტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პირველმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარადგინეს.