კახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს! – ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია.

„ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია, ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა ევროპულ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები