ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების  „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2024″ (SME Policy Index – 2024) მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის მიერ პარიზში წარმოდგენილი კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ პოზიციას იკავებს და კვლავ ლიდერია.

OECD-ს კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი” უკვე მეოთხედ მომზადდა, ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პარიზში წარმოდგენილ მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, გადახდისუუნარობა და მეორე შანსი, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები,  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები და ინოვაციური პოლიტიკა.

„კვლევა ძალიან კომპლექსურია, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ყველა ამ მიმართულებაში საქართველო უპირობო ლიდერია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკის ნაწილში, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.  საქართველო ლიდერობს  უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში კვლევის 12-დან 11 ძირითად პარამეტრში. რაც მთავარია, ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა  ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ევრაზიის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში ასევე მონაწილებენ საქართველოს დელეგაციის წევრები –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე – როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი.