ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გათვალისწინებული 790 მილიონი ლარიდან, 451 მილიონი ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
მისი თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტის სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგეგმილია, დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება. 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება და 451 მილიონ ლარს შეადგენს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გარდა საჯარო სკოლებისა, მიმდინარე წელს დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლისთვისაც მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. მისი თქმით, 2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.