უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ქვეყნები არ შეთანხმდებიან უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა იპოვა.
ამის შესახებ მან ოსლოში, ნორვეგიის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
14-15 დეკემბრის სამიტზე საუბრისას უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ეს არ იქნება მარტივი სამიტი და შეხვედრა.
“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მთელი შემადგენლობის 99% გვიჭერს მხარს და ისინი მზად არიან, დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინის მომავალ წევრობაზე ევროკავშირში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნგრეთის მხრიდან არის ბლოკირება.
„და ეს ფაქტია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულები ვიყავით. ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ, ჩვენი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია. ანუ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვის შანსი არ მიეცეს“, – თქვა მან.
მისი თქმით, ახლა საკითხი ევროკავშირის გამძლეობაზეა.
“თუ არ იქნება დადებითი პასუხი, აქ საკითხი გეგმა “ბ”-ში არ არის. ჩვენ მხოლოდ ერთი გეგმა გვაქვს – ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, ვიყოთ ევროკავშირში. ამიტომ, თუ არ იქნება დადებითი პასუხი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო“, – თქვა ზელენსკიმ.