ნათია თურნავა: კანონმდებლობისა და სებ-ის უფლებამოსილების თანხვედრის ფარგლებში, ნებისმიერი რეკომენდაციის გაზიარებისა და კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რაც მომხმარებელთა უფლებებს ეხება

ეროვნულ ბანკს გააჩნია ვალდებულება და უფლებამოსილება, დაიცვას მომხმარებელთა უფლებები და ამ მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მუშაობას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებული საჩივრების ანალიზის საფუძველზე, სებ-მა მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აკრძალა პენსიით და სოციალური გასაცემლით უზრუნველყოფილი სესხების და ფინანსური პროდუქტების პროაქტიური რეკლამა.

„დამეთანხმებით, რომ ეს სწორი გადადგმული ნაბიჯია და ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება საჩივრების საფუძველზე მივიღეთ. ჩვენ ვზრუნავთ ჭარბვალიანობის პრევენციასა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სებ-ი აქტიურად დგას იმ უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რაც სესხის გაფორმების, გაცემის ან კომუნიკაციის ეტაპზე შეიძლება გამოიკვეთოს. ამასთან, მისივე განმარტებით, არსებობს სპეციფიკური საკითხები, რომელიც რეგულირდება საბანკო კონფიდენციალობით და ამიტომ არ ხდება იმ საკმაოდ ინტენსიური სამუშაოს გასაჯაროება, რაც სებ-ის მიერ ტარდება.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელსაც მუდმივად ვავითარებთ. კანონმდებლობისა და სებ-ის უფლებამოსილების თანხვედრის ფარგლებში, ნებისმიერი რეკომენდაციის გაზიარებისა და კონსულტაციებისთვის მზად ვართ“, – დასძინა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები