“ეს არის დაუფარავი მიკერძოება, სწრაფ გაწევრიანებას შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს” – ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი ვრცელი პოზიცია წარადგინა.

მისი აზრით, ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებით გამონაკლისს აკეთებს და არ იცავს ბლოკის წესებს. ორბანი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ბლოკი არსებობას შეწყვეტს.

ამის შესახებ Portfolio წერს.

მისი თქმით, უკრაინის საკითხზე ევროკავშირი მიკერძოებულია.

“ევროკავშირში ამ საკითხზე შინაარსობრივი დებატები არ მიმდინარეობს. უკრაინამ 4 თვის შემდეგ მიიღო წევრობის კანდიდატის სტატუსი ისე, რომ პირობები ჯერ შესრულებული არ აქვს”, – თქვა მან და გაიხსენა, თუ რამდენი წელი მოუწიათ ლოდინი კავშირის ზოგიერთ წევრებს.

“ეს არის დაუფარავი მიკერძოება და ეს ანგრევს ევროკავშირის ინსტიტუტების ავტორიტეტს“, – თქვა მან.

ორბანის თქმით, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, სასარგებლო იქნება თუ არა ეს ევროკავშირისთვის და, კერძოდ, უნგრეთისთვის, “სწრაფ გაწევრიანებას შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს”.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება არ შედის უნგრეთის ან ევროკავშირის ინტერესებში.

“თუ ევროკავშირის წესები სერიოზულად არ იქნება აღქმული, ევროკავშირი შეწყვეტს არსებობას”, – თქვა მან და ჩამოთვალა ის ასპექტები, რომელთა დაყრდნობით უნდა შეფასდეს გაწევრიანების პერსპექტივა.

“კომისიის განცხადებით, 7 პირობიდან 4 დაკმაყოფილდა და ამის საფუძველზე უკრაინას კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო. თუმცა, ამ 4 პირობის შესრულებას თუ შეხედავთ, პრაქტიკაში ისინიც არ სრულდება“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები