გიორგი სიგუა სასულიერო პირებს ზეწოლაში ადანაშაულებს – რატომ დაიბარეს სიგუა და ეკონომიკის მინისტრი საპატრიარქოში

  ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალ „კაზანტიპის“ ჩატარებამდე ის, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, საპატრიარქოში დაიბარეს. სიგუა სასულიერო პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მისივე განცხადებით, ფესტივალ “კაზანტიპის” ფინანსური წარუმატებლობა სახელმწიფოსა და ეკლესიისგან წამოსული წინააღმდეგობის შედეგია.
“მინისტრი დაიბარეს და მეც დამიბარეს საპატრიარქოში, მქონდა შეხვედრები ეპისკოპოსებთან და მეუფეებთან. იერარქიაში კარგად ვერ ვერკვევი, მითხრეს, ეს არ უნდა ჩატარდესო, ეს იქნება სოდომი და გომორი, ეს საქართველოს წაართმევს ანაკლიას და ამიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ ტარდება „კაზანტიპი“. მშვიდად მოვუსმინე, ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ავუხსენი ყველაფერი, ვითომ ერთ მომენტში დაიჯერეს, შემდეგ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ზეწოლა იყო, ნამდვილად არ მინდა მთელი ეკელსია გავაკრიტიკო, მაგრამ იქ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად არ იქცევიან როგორც სასულიერო პირები, პირიქით, ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში”,- განაცხადა სიგუამ “ბინზესკურიერთან” საუბრისას.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე სასულიერო პირი მას უშუალოდ აშანტაჟებდა სამინისტროს თანამშრომლის განსხვავებული სექსუალური იდენტობის გამო და ამ ინფორმაციის გასაჯაროვებით ემუქრებოდა.
“უთხარი, რა თქვენი საქმეა-მეთქი. ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს მიღებული, მეუბნებოდნენ ამას გავაჟღერებთ. ჩემზე არ მოახდინა ამან გავლენა, მაგრამ ამან გავლენა იქონია გიორგი კვირიკაშვილზე. მას შემდეგ, რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია, ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავატაროთ სხვა ღონისძიება, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ფესტივალი ჯდება 7-8 მილიონი ლარი. თუ ამ ფულს მომცემ და ჩავატარებ რაიმე ფესტივალს, პირველი, ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხა, მეორე, გავხდებით დასაცინი და მესამე – როგორ შეიძლება შენ გყავდეს ინვესტორი, რომელიც ფულს აქეთ ხარჯავს, შენ კაპიკს არ გთხოვს და შენ სახელმწიფოს ფულს ხარჯავ პირიქით, მე ამაზე ვუთხარი უარი”,- ამბობს სიგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები