იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, დღესდღეობით კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა (პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წლის ვადას შეადგენს, პირადობის ასეთი მოწმობები გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

„კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

ამ პროექტსა და „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შედეგად შეიქმნება ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ერთი მხრივ, არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი ე.წ.
მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება”, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილის და გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები