გივი მიქანაძე: 12 რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ

,,შარშან 12 რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა დაგვემტკიცებინა ცვლილებების მსხვილი პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ პოზიტიურად შეფასდა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა იმ საკითხების, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობისა და დეოლოგარქიზაციის გეგმისთვისაც აქტუალურია.

„ჩვენ ამ ორ, საერთაშორისო ავტორიტეტულ უწყებასთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ.

ჯერ კიდევ შარშან, ჩვენი ინიცირებით კანონმდებლობაში აისახა, რომ 2024 წლის არჩევნებიდან ის მოქალაქეები, რომლებსაც საარჩევნო უფლება აქვთ მაგრამ ფლობენ ე.წ. ლამინირებულ მოწმობებს, ვერ მიიღებდნენ ამაში მონაწილეობას. როგორც გამოიკვეთა, ასეთი ადამიანი 200 ათასზე მეტია.

რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა შეხვედრა, სადაც ოპოზიციაც იყო წარმოდგენილი და შევთანხმდით, რომ იმის პარალელურად, რაც დაინიცირებულია, დაინიცირდებოდა დამატებითი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები ძალადაკარგულად გამოცხადდება.
ჩვენ დაჩქარებული წესით ვიხილავთ იმ საკითხებს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობისთვის და დეოლოგარქიზაციის გეგმისთვისაც აქტუალურია. კერძოდ შევეხებით იმ საკითხებს, რაც ევროკომისიასთან შეჯერდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე – გაუქმდება იურიდიული პირებისგან პარტიებისთვის შემოწირულებები და ასევე, ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეულ პარტიას წელიწადში არ ექნება შესაძლებლობა რომ დახარჯოს გარკვეულ თანხაზე ნაკლები.

ამ ცვლილებებს 15 დეკემბრამდე მივიღებთ, რაც ჩვენ ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ჩვენ არ შევჩერებულვართ რაზეც ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქვეყანა სრულ თავსებადობაში იყოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები