ნინო წილოსანი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება.
ნინო წილოსანმა ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სახეებზე და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გზებზე.
„ვისაუბრეთ გენდერულ თანასწორობაზე და საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ქალების მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში. ახალგაზრდებმა შემეცნებითი თამაში ითამაშეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.