,,ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. რამდენიმე დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, პირველ ყოვლისა, სამართლიანობაზე არის დაფუძნებული”, – ამის შესახებ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც პირველივე დღიდან ურყევად იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე.
„ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, იმ განწყობამ, რომელიც მთელს საზოგადოებას გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ, რა თქმა უნდა თავისი შედეგი გამოიღო და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ 8 ნოემბერს რეკომენდაცია გაიცა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში უკვე ველოდებით ამ რეკომენდაციის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საქართველოსთვის. გვესმის, რომ უნგრეთს აქვს გარკვეული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამართლიანობის საფუძველზე. უნგრეთთან მიმართებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც პირველივე დღიდან ურყევად იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე“, – აღნიშნა მიქანაძემ.