გივი მიქანაძე: ახლა „ომის გლობალური პარტია“ ცდილობს, რომ რაღაცნაირი ცენტრი ჩამოაყალიბოს, სადაც „ლელო“, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გახარია ერთად იქნებიან
,,ომის გლობალური პარტია“ ყველანაირად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცალ ფეხზე დგომით, თავდახრილად და მორჩილად მათ ყველა სურვილს განახორციელებს ყოველგვარი შეკითხვისა, თუ შეწინააღმდეგების გარეშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა „ომის გლობალური პარტია“ ცდილობს, რომ რაღაცნაირი ცენტრი ჩამოაყალიბოს, სადაც „ლელოც“, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გახარია ერთად იქნებიან.
,,ეს მცდელობა იყო 2020 წელს, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ „ლელო“ გამხდარიყო ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი და ჩვენ ვნახეთ, რომ 3%-იც ძლივს დააგროვა „ლელომ“ და 4 დეპუტატზე მეტი ვერ გაიყვანა პარლამენტში. შემდეგ 2021 წელი – ეს იყო გახარიას ფაქტორი, როდესაც გახარია პრემიერობიდან წავიდა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად. საზოგადოებისთვის ცნობილია და ჰქონდათ გათვლა იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გახარია გახდებოდა მიზიდულობის ერთგვარი ცენტრი და ვერც ამან გაამართლა. ახლა მცდელობა არის, რომ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს თავი მოუყარონ. ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად დასუსტებულია და იმდენად ძალადაკარგულია, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და დიდი ალბათობით ვერც ექნება ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, რომლითაც ისინი ამაყობდნენ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მიყოლებით 8 არჩევნები წააგეს. ახლა „ომის გლობალური პარტია“ ცდილობს, რომ რაღაცნაირი ცენტრი ჩამოაყალიბოს, სადაც „ლელოც“, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გახარია ერთად იქნებიან. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი, რომ გახლეჩა მომხდარიყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამის შემდეგ ნიკა მელიას ფლანგიც ამ ძალას შემოუერთდეს და იქნებ ამით რაღაც მიზიდულობა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება გადაიბირონ და შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა მიქანაძემ.