გივი მიქანაძე: ვითხოვთ ერთადერთს – ის, რასაც საქართველო იმსახურებს, აუცილებლად ევროსაბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახოს
,,ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს – სამართლიანად იყოს შეფასებული საქართველოს წინსვლა და ის, რასაც ქვეყანა იმსახურებს, აუცილებლად შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან უკრაინასა და მოლდოვაზეც ისაუბრა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რაღაც კონსენსუსამდე მივლენ და პროცესი არ დაზიანდება, რადგან ეს პროცესი ცალმხრივად მნიშვნელოვანია. ეს არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოსთვის. ეს პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია და შესაძლოა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს თავად ევროპისთვის, რათა ევროპული ოჯახი შეიკრას. დარწმუნებული ვართ, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ რაიმე დისონანსი არ მოხდეს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით იქნება ინტეგრაციის კუთხით ევროკავშირის მხრიდან გადადგმული, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, სამართლიანად იყოს შეფასებული საქართველოს წინსვლა და ის, რასაც საქართველო იმსახურებს, აუცილებლად შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახოს“, – განაცხადა მიქანაძემ.