საქართველოს საჰაერო ძალებში ცვლილებები იგეგმება
“საქართველოს საჰაერო ძალებში ცვლილებები იგეგმება, უახლოეს ხანში ვერტმფრენების პარკი განახლდება”, – ამის შესახებ განცხადება სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ექსპერტის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით საჰაერო კომპონენტის ტრანსფორმაციას გეგმავს.
„თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ უელსის სამიტის შეფასების რეჟიმშია. სამიტის შემდეგ დაიდება სამოქმედო გეგმა, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად იქნება საჰაერო კომპონენტის ტრანსფორმაცია“, – აღნიშნა თავდგირიძემ.
ექსპერტის თქმით, საჰაერო კომპონენტი ორი ნაწილისგან შედგება – ავიაცია და სახმელეთო ძალების საავიაციო მხარდაჭერა, რომლის შემადგენელი ნაწილიც შესაძლოა, ვერტმფრენების პარკი გახდეს.
„ამ მიმართულებით განახლებაც იგეგმება. კერძოდ, ამერიკული, ახალი, მრავალფუნქციური ვერტმფრენების „ლეჰოუკის“ შესყიდვა. რაც შეეხება, ზოგადად, ავიაციას, მოიერიშე ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ავიაციის შექმნას, საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი იქნება, რომელსაც სერიოზული დამუშავება სჭირდება. თუ სახელმწიფო ფინანსურად შეძლებს, ავიაცია ცალკე სახეობად გამოიყოფა“, – განაცხადა გიორგი თავდგირიძემ „კვირას“ პრესკლუბში.