თამარ ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ შეცდომის გამო პასუხისმგებლობას მხოლოდ ჟურნალისტს აკისრებს

 „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სტატიაში დაშვებული შეცდომის გამო პასუხისმგებლობას მხოლოდ ჟურნალისტს აკისრებს. როგორც ჩერგოლეიშვილმა „კვირას“ განუცხადა, გამოქვეყნებამდე მასალა „ტაბულას“ რედაქტორს არ წაუკითხავს.
„მასალა გამოქვეყნებამდე რედაქტორს არ წაუკითხავს. ღამის 12 საათი იყო, ამ დროს რედაქტორი სახლში იმყოფებოდა“, – განაცხდა ჩერგოლეიშვილმა.
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი მის მიერ გათავისუფლებული ჟურნალისტის ვინაობას არ ასახელებს. ინტერნეტგამოცემა “ტაბულამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მკითხველს, 12 თებერვალს, ინტერნეტგვერდ „tabula.ge“-ზე გამოქვეყნებული მასალის სათაურსა და ტექსტში, პრემიერ-მინისტრის ციტატის არასწორად მოყვანისთვის ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტი კი, რომელმაც პრემიერ-მინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორად გავრცელებაში დაადანაშაულა.
“ამა წლის 12 თებერვალს ინტერნეტგამოცემა „ტაბულამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით –„ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში“. სტატიაში ვკითხულობთ: „რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დარგებია, ძირითადად, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრემიერ–მინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გაუკეთებია. გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა უცხოეთში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტებზე, მათ შორის ისრაელში ბიზნესმენებთან გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში გაიმართება ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები