ხათუნა ლაგაზიძე: ოპოზიციისთვის ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა

“ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარება დღის წესრიგში დადგა სწორედ უკრაინის დამსახურებით – რომ არა რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და გაჩაღებული ომი, წარმოუდგენელი იყო უახლოეს მომავალში დამდგარიყო ეს საკითხი ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსა და უკრაინისთვის”,- ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ,, კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ინტერვიუში, ოპოზიციაში განვითარებულ პროცესებსაც აფასებს.

,,ეს არის ერთგვარად იმ თავდადების დაფასება, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ამ ქვეყნების მონაწილეობით გაფართოების საკითხი მართლაც ერთ პაკეტად განიხილება და ამას ევროპაც ასე უყურებს. პაკეტში ასევე შედიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც თავისი ლობისტები ჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ამიტომაც ბალკანეთის ქვეყნების საკითხი, რომელიც ადრე იდგა დღის წესრიგში, ერთიან პაკეტში შეიტანეს. შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა ამოგლიჯონ ამ პაკეტიდან და ვთქვათ, მოლდოვა გადაიყვანონ შემდეგ ეტაპზე, საქართველოს კი მისცენ სტატუსი. ეს ამ გადასახედიდან წარმოუდგენელ მკრეხელობად ჩანს.

ამ ეტაპზე ევროკავშირის წინაშე ორი პრინციპული საკითხი დგას: რუსეთს არ მისცეს საშუალება უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის რღვევა დაიწყოს და არ დაუშვას რუსეთის პოლიტიკის გამარჯვება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებენ დაარწმუნონ ორბანი და პოზიცია შეაცვლევინონ. ამისთვის სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი…. ორბანი ხელს უშლის არა მარტო უკრაინის ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლას, არამედ მისთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების საკითხსაც, რომელიც მართლაც მასშტაბურია – ლაპარაკია 56 მილიარდზე. ასეთივე პრობლემებია აშშ-ში, სადაც დახმარების 106-მილიარდიან პაკეტს ბლოკავს რესპუბლიკური პარტიის სრული წარმომადგენლობა კონგრესში. ამ დახმარების დიდი ნაწილი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი ისრაელისა და ტაივანისთვის. ერთი კვირაა დარჩენილი, ვიდრე საშობაო არდადეგები დაიწყება, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს. რესპუბლიკელები დიდწილად უარს არ ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, მათ ამის სანაცვლოდ თავიანთი მოთხოვნა აქვთ – ეს ამერიკის საზღვრების დაცვას შეეხება ანუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რაც იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება.

საბოლოოდ, უკრაინა, დიდი ალბათობით, მიიღებს დახმარებას აშშ-დან, მაგრამ ამით ვერ დასრულდება მისი პრობლემები. ბოლო ხანს ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი სტატიები გამოქვეყნდა დასავლური მედიის გიგანტებში, როგორიც არის ”ეკონომისტი” და “ვაშინგტონ პოსტი”, რომლებშიც განხილული და შეფასებულია უკრაინის კონტრშეტევა, ლაპარაკია იმ მიზეზებზე, რატომ არ აღმოჩნდა ის შედეგიანი. ამის მიზეზებს შორის სახელდება წინააღმდეგობა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, ასევე უკრაინისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები. კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზად სახელდება ასევე დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების დროულად არმიწოდება. მაგალითად, ამერიკელი გენერალი, საქართველოს დიდი მეგობარი ბენ ჰოჯესი, დიდი ხანია ამბობს, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე რუსული თავდაცვის საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვა ურთულესი ამოცანა იქნებოდა უკრაინისთვის. როგორც ირკვევა, შეტევის დაწყების დროის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები ყოფილა.

ამერიკელების აზრით, ის უნდა დაწყებულიყო აპრილში, რათა ოკუპანტებს არ მოესწროთ მძლავრი თავდაცვითი ნაგებობების აგება, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი მიიჩნია, რომ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილი დასავლური იარაღის მოხმარებისთვის და ივნისამდე გადადო კონტრშეტევა, რამაც რუსებს საშუალება მისცა რამდენიმეშრიანი თავდაცვითი ნაგებობები აეშენებინათ და ტერიტორიები მასობრივად დაენაღმათ. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს, სხვა შემთხვევაში უკრაინა დგება რუსული აგრესიის მორიგი ტალღისა და მოსალოდნელი მარცხის საფრთხის წინაშე. მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ტალღა შესაძლოა დაიწყოს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი აფასებს რა რუსეთის არმიის მდგომარეობას, ამბობს, რომ რუსეთს ძალიან სერიოზული სამხედრო პრობლემები აქვს და შეტევითი ომის რესურსი აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად აუცილებელია დასავლეთმა გააგრძელოს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინის მიერ იარაღის წარმოებას.

ამ კონტრშეტევის უშედეგობამ იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უკრაინაში, ისე პარტნიორებში, რაც დასაძლევი იქნება. ისევე როგორც ომის პირველ კვირებში, ახლაც საინფორმაციო პოლიტიკის მძლავრი ტალღაა შესამუშავებელი, რათა უკრაინამ შემოიმტკიცოს დასავლური მხარდაჭერა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა წყალობა არ არის უკრაინისთვის, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხო მომავლისთვის იბრძვის. თუ რუსეთმა ამ ომში წარმატებას მიაღწია, ამაზე არ გაჩერდება. თუ ახლა დასავლეთი განზე გადგა და თავის ომამდელ ფეხის ათრევის პოლიტიკას დაუბრუნდა, რუსეთის შემდგომი სამიზნეები შესაძლოა უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არსებული ვითარება აისახება ყველა დასავლური ქვეყნის არჩევნებზე და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოზე, რაც ამყარებს “ქართული ოცნების” პოზიციებს 2024 წლის არჩევნების წინ და ართულებს ოპოზიციის ამოცანას. ხელისუფლების ის ანტიდასავლური ისტერიკა, რასაც ვადევნებდით თვალს კარგა ხნის განმავლობაში სტატუსის მიღების წინ, შეწყდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება სტატუსის მიღების შემდეგ.

…მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, “ოცნება” არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი პოზიციებით გადის და ოპოზიციისთვის ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა… საინტერესოა, “ნაცმოძრაობის” დასუსტების პროცესი როგორ აისახება დანარჩენ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვფიქრობ, ეს აჩენს პერსპექტივებს დანარჩენი შედარებით მსხვილი ოპოზიციური მოთამაშეებისთვის, იმიტომ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც “ნაცმოძრაობით” იმედგაცრუებულია, წესით, უნდა წავიდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, შინ დარჩეს. თუ ასე მოხდა, ამან შეიძლება ისევ და ისევ “ქართული ოცნება” ახეიროს და იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანა მოახერხოს პარლამენტში, ვიდრე ახლა ჰყავს. იმის თქმა, რომ “ნაცმოძრაობის” იმედგაცრუებული ამომრჩევლიდან ყველა მელიას გაჰყვება, არასწორია – გვარამიაც ფიქრობს პოლიტიკაში შემოსვლაზე და ნაწილი მასზეც დადებს ფსონს. ასევე საინტერესო იქნებოდა გვარამია-მელიას კომბინაცია. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, მელია წავა თუ არა თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ცენტრებთან. მაგალითად, გახარიას პარტიასთან, “ლელოსთან” ან ზურა-“გირჩის” და ხოშტარიას დუეტთან? მოკლედ, საითაც წავა “ნაცმოძრაობისგან” ჩამოშლილი ამომრჩეველი და გააძლიერებს პარტიას თუ გაერთიანებას, ამ უკანასკნელს სულ მცირე, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიას გაუჩენს… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუ ის გადაწყვეტს წინასაარჩევნოდ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, არა მგონია, ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაიჭიროს საქმე, არ გამოვრიცხავ, თუ რაღაც დიდი გაერთიანება შედგება, იქ ვიხილოთ. მოკლედ, ზემოხსენებულ ოპოზიციურ პარტიებს ორი შანსი აქვთ: ან გაზაფხულისთვის საკუთარი ამომრჩევლის გამსხვილებაზე უნდა იზრუნონ იმგვარად, რომ გარანტირებული 8% მაინც ჰქონდეთ რეიტინგი გამოკითხვებით, ან არადა, გარდაუვალ გაერთიანებაზე უნდა წავიდნენ. ვნახოთ, ეს გაზაფხულზე უფრო ნათლად გამოჩნდება”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები