“შავი ლომი” ი-პი-სი-არზე მოხვედრით უკვე მოგებულია, ხოლო მოგებით – 6 ერის კარსაც გააღებს
“შავი ლომი” ი-პი-სი-არზე მოხვედრით უკვე მოგებულია, ხოლო მოგებით – 6 ერის კარსაც გააღებს. ლუკა მატკავას შთამბეჭდავმა ფინტმა და ლელომ – მასპინძლები თამაშის 20-ე წუთზე დააწინაურა, და, მართალია გლოსტერმა 15-10 მოიგო, მაგრამ ი-პი-სი-არზე შავი ლომის დებიუტი უთუოდ შედგა – ქართველებმა არაერთხელ ააყირავეს ინგლისელები – იმავდროულად კი კარგად იცავდნენ საკუთარ მინდორს – ევროპის 6 ერს-გარეთა ქვეყნების უმაღლესი ტურნირის, ევროპის სუპერ თასის გამარჯვებული შავი ლომი წელს ი-პი-სი-არის დებიუტანტია – წერს ბი-ბი-სი სპორტი.
დიდებული ქალაქია, საუკეთესო დროს ვატარებთ აქ – ამას უკვე ლონდონის “სი-თი ეი-ემის” ჟურნალისტი ედ ჰარდი წერს, რომელიც ლეგენდარული გლოსტერის რამდენიმე ასეულ ფანატთან ერთად მატჩზე ჩამოვიდა; მათ პირველი წვლილი შეიტანეს თბილისის ეკონომიკაში, რომელიც ი-პი-სი-არის ტურნირში შავი ლომის მონაწილეობის კვალად გაიზრდება.
ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობა რომ უკეთ შევაფასოთ, ი-პი-სი-არი, ანუ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბი შეგვიძლია საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგას შევადაროთ. ეკონომიკური მასშტაბის უკეთ გასააზრებლად კი ი-პი-სი-არის თასების ფინალის შედეგებს უნდა შევხედოთ, რომელიც წელს დუბლინში ჩატარდა და ერთ უიკენდზე ჯამში 300 მლნი ევროს შემოსავალი მოიტანა.
საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ მატჩებზე ჩამოსული უცხოელი ფანების დანახარჯი არ იქნება, – არამედ 10-ჯერ, 100-ჯერ მეტი – წინასწარ განჭვრეტა რთულია რა შედეგს გამოიღებს ის რომ ი-პი-სი-არის ყველა მატჩზე სტადიონზეც და ტრანსლაციებშიც საქართველო როგორც საუკეთესო ტურისტული დანიშნულება გაპიარდება.
აუდიტორია? – ი-პი-სი-არის ფინალს 70 მილიონმა უყურა, შუალედურ მატჩებს კი საშუალოდ ამის ნახევარი აუდიტორია ჰყავს, მათგან 1000-დან ერთის დაინტერესებაც კი, თანაც ზამთარ-გაზაფხულზე როდესაც ტურნირი ტარდება, არა-ტურისტულ სეზონზე დამატებით 5 მილიონამდე ვიზიტორს ნიშნავს, – იმდენივე რამდენიც მთლიანად საქართველოს ტურიზმია. რაგბის კავშირმა ეს პოტენციალი ისტორიული ხელშეკრულებით მოიტანა, – პირველად თავად ი-პი-სი-არის ისტორიაშიც ტურნირის მხარდამჭერი ტურისტული ორგანიზაცია იქნება, ამ შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, სარეკლამო სამიზნე კი – ამ ეტაპზე შავი ზღვა და აჭარა. თუმცა ერთია პოტენციალის შექმნა, მეორე – მისი გამოყენება და ეს ნაწილი რაგბის ქართველ გულშემატკივარზე დიდად იქნება დამოკიდებული – რაგბის ევროპულ ფანატებს ნახევრად-ცარიელი სტადიონები არ ხიბლავთ, შესაბამისად სხარტი ფრაზა “რაგბი ჩვენი თამაშია” ახლა საქმედაც საქცევია. ქართული რაგბი ამ მისიას საუკეთესოდ ასრულებს, ი-პი-სი-არის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი მიღწევა 6 ერში მოხვედრა რჩება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, 2024-ში ამ ყველაზე ელიტურ ტურნირში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ჩაებმება, რიგში 20 წლამდელები არიან, ი-პი-სი-არზე წარმატება კი მათ კვალად ბორჯღალოსნებსაც გაუხსნის ამ სანუკვარ პერსპექტივას… დანარჩენ საქართველოსთან, რაგბის ქართველ ფანებთან ერთად…