იაცენიუკი: ნატო – უკრაინის დაცვის ერთადერთი საშუალებაა
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, პუტინის საბოლოო მიზანი – უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განადგურებაა. იაცენიუკი თვლის, რომ უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოს წევრი არ გახდება, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსი მისი ქვეყნის დაცვის ერთადერთი საშუალებაა.
„ნატო უკრაინის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. მოკლევადიან პერსპექტივაში ნატო მზად არ არის, უკრაინა მიიღოს, თუმცა, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, თუ კარზე აკაკუნებ, ის გაიღება. და ჩვენ დაკაკუნება გადავწყვიტეთ“, – განაცხადა პრემიერმა. იაცენიუკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკება დონბასში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ეფექტური არ იქნება. პრემიერის აზრით, ეს აშშ-ს, ევროკავშირის, უკრაინის და რუსეთის მონაწილეობით ჟენევის ფორმატში უნდა მოხდეს.