თბილისის მერიამ საკრებულოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა

თბილისის საკრებულოში გაფართოებული კომისიების სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან თევზაიამ 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. აღნიშნული პროექტი შესაბამისმა სამსახურმა საკრებულოს გასაცნობად სამი დღის წინ გადაუგზავნა. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსავლებში საწარმოთა ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48 500,0 ათასი ლარით მეტი (2013 წლის გეგმა 94 000,0 ათასი, ხოლო 2014 წლის გეგმა – 142 500,0 ათასი ლარი). აღნიშნული პარამეტრის ზრდა იყო ყოვლად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ვინაიდან გასულ წელთან მიმართებით არ შეცვლილა აღნიშნული გადასახადის არც დასაბეგრი ბაზა და არც გადასახადის სიდიდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება 42 600.0 ათასი ლარით, გადასახდელები – 12 575,4 ლარით, რაც იწვევს საბიუჯეტო დეფიციტს 30 024.6 ათასი ლარის ოდენობით. დეფიციტის შევსების წყაროდ მიზანშეწონილად ჩაითვალა სესხის აღება კომერციული ბანკიდან და ეს სესხი გამოყენებული იქნება კაპიტალური ინვესტირებისათვის. გარდა ამისა, ბიუჯეტში მოძიებული შიდა რესურსების ხარჯზე, იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800, 1000 და 1500 ლარის ოდენობით; აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელმოწყობის პროგრამები.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, კომისიებმა 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარეს. პროექტი საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად წაედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები