დავით ბერძენიშვილი: არ მინდა, კოალიციის სუბიექტებმა ცეცხლზე ნავთი დავასხათ
ჩვენი დღევანდელი მოდელით, პრეზიდენტსაც სრული უფლება აქვს, წარმოადგინოს ქვეყანა და ასევე პრემიერ-მინისტრსაც, – ამის შესახებ „რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს სახელისუფლებო ფუნქციების განხორციელებაში ერთმანეთისგან მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს.
„მიუხედავად იმისა, როდის ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით პრეზიდენტის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს საკმაო უფლებამოსილებები ქვეყანაში დღეს მოქმედი კონსტიტუციით. დღევანელი კონსტიტუცია არის გადღაბნილი, ეს არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის კონსტიტუცია. პრეზიდენტი მთავრობის და მთელი კოალიციის მხარდაჭერით წავიდა უელსის სამიტზე, სადაც ჰქონდა წარმატებული ვიზიტი. არავის, ბუნებრივია, ეჭვის ქვეშ არ დაგვიყენებია, ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება. ახლა მთავრობამ გადაწყვიტა, გაერო-ში წავიდეს პრემიერ-მინისტრი და წავა პრემიერი. რა თქმა უნდა, ერთი დელეგაცია სჯობს ორს. ეს არის სრულიად ნორმალური. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ აღმოჩნდეს პრეზიდენტი ისე გარიყული, რომ მან დააპიროს, მაგალითად, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადება.
ბევრჯერ მომხდარა პატარ-პატარა პრობლემების მოწესრიგება, „რესპუბლიკელები”, პირველ რიგში, დავით უსუფაშვილი, ყოველთვის ვიყავით ამ პოზიციაზე. არ მინდა, კოალიციის სუბიექტებმა ცეცხლზე ნავთი დავასხათ. „რესპუბლიკელების” პოზიციაა, არ გავრიყოთ ჩვენი ხელისუფლების არცერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი იყოს მაქსიმალურად ხელშეწყობილი სახელისუფლებო ფუნქციების განხორციელებაში”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.