რუსეთმა უკრაინიდან ჯარების გაყვანა შეწყვიტა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა შეწყვიტა. უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭომ რუსეთის ჯარების უკრაინიდან გაყვანის შეწყვეტა დააფიქსირა. ამის შესახებ საბჭოს საინფორმაციო ცენტრის პრესსმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. ლისენკოს თქმით, „ბოევიკების“ კონცენტრაცია დონეცკის ოლქის რასიპნოეს და პელაგიევკის რაიონებშია დაფიქსირებული. თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასე თუ ისე შესრულებული იყო. ეს, ლისენკოს აზრით, ეუთოს მისიის მუშაობის შედეგია.
ლისენკომ ასევე განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის ავიაციის წვრთნები დასრულდა. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დაადასტურა. მისი განცხადებით, რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი შეჩერებულია.
„ჩვენ სამი პირობის შესრულების დაჩქარებას ვითხოვთ. პირველი: რუსეთის ჯარების გაყვანა, მეორე: სამხედრო ტექნიკის, სამხედროების გადასვლისთვის და იარაღის მიწოდებისთვის საზღვრის გადაკეტვა. ასევე საზღვარს ეუთოს დამკვირვებლები უნდა აკონტროლებდნენ. და მესამე: ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის ოლქების და რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, – განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები