„თბილისური რეტროსპექტივა“ – საკრებულოში ახალი გამოცემის წარდგენა გაიმართა

30 ნოემბერს თბილისის საკრებულოში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული უნიკალური გამოცემის – „თბილისური რეტროსპექტივის“ წარდგენა გაიმართა.
გამოცემის რედაქტორია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი კულტურის საკითხებში მარიკა დარჩია.
ღონისძიება გახსნა გამოცემის ერთ-ერთმა ავტორმა, არქიტექტურის დოქტორმა მამუკა სალუქვაძემ, რომელმაც ალბომის შექმნის შესახებ ისაუბრა. წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოცემაზე იმუშავა.
„ეს გამოცემა ნამდვილად დიდი საჩუქარია თბილისელებისთვის,  თბილისის სტუმრებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საინტერესოა ჩვენი ქალაქის  მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი კულტურა. მადლობა ყველა ადამიანს, ვინ იმუშავა და ხელი შეუწყო ამ ალბომის გამოცემას“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
კრებულის შესახებ ისაუბრეს ავტორებმა, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ეთნოლოგიის დოქტორმა მირიან ხოსიტაშვილმა, ასევე ალბომის რედაქტორმა მარიკა დარჩიამ, ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ  და სხვებმა.
ალბომზე მუშაობისას გამოცემის ავტორებმა, მამუკა სალუქვაძემ  და ეთნოლოგიის დოქტორმა მირიან ხოსიტაშვილმა, თავი მოუყარეს, აღრიცხეს და დაამუშავეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. ამავე დროს, გამოცემის სრულყოფის მიზნით, მათ იზრუნეს თბილისის სხვა საცავებსა და არქივებში არსებული ისტორიული დოკუმენტების, მათ შორის თბილისის ისტორიული რუკების მოპოვებაზე. შედეგად გამოიცა უნიკალური, ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ალბომი, რომელშიც ქრონოლოგიურად, სხვადასხვა პერიოდის ისტორიული რუკების, გრავიურების, ნახატების, ფოტოების მეშვეობით ასახულია ქალაქ თბილისის ზრდისა და განვითარების ეტაპები, ქალაქის ფორმირება მე-18 საუკუნის ვახუშტისეული  პერიოდიდან დღევანდლამდე.
ალბომი „თბილისური რეტროსპექტივა“ კულტურით, არქიტექტურითა და ურბანული განვითარებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. ის საინტერესო გამოცემაა როგორც მკვლევრების, სტუდენტების, ისე თბილისის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის და მათ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის დედაქალაქის ისტორიისა და კულტურის, ყოფისა და ცხოვრების შესახებ.
პრეზენტაციას დაესწრნენ პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო წრეების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აგრეთვე სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არქიტექტურის, ურბანისტიკის, ისტორიისა და კულტურის, ხელოვნებათმცოდნეობის და ტურიზმის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები