დროა, კარდენახში სამუსიკო სკოლას საკუთარი შენობა ჰქონდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის სამუსიკო სკოლა არსებობის თითქმის ექვს ათეულ წელიწადს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული სკოლის მაღალპროფესიონალ პედაგოგთა გუნდმა ასეულობით ყმაწვილს აზიარა მუსიკალური სამყაროს მშვენიერება, მათ შორის თავისი მომავალი საქმიანობა ათობით ახალგაზრდამ დაუკავშირა პროფესიულ მუსიკას.
კარდენახის სამუსიკო სკოლას წლების განმავლობაში შესანიშნავი ხელმძღვანელები ედგნენ სათავეში, ვახტანგ კოპინაშვილის, გულინარა თევდორაშვილის, ნელი კორკოტაშვილის სახით.
ამჯერად სკოლის მენეჯერი გახლავთ ნინო კორკოტაშვილი, რომლის პროფესიონალიზმის, დაუმცხრალი ენერგიისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით სკოლა კვლავ მყარად დგას ფეხზე და 60-ზე მეტ მოსწავლეს ინარჩუნებს. არადა იყო დრო, როცა 200-ზე მეტ ყმაწვილს და სხვადასხვა სპეციალობის ორმოცამდე მასწავლებელს ითვლიდა ეს სკოლა. ამჯერად აქ დაუღალავად შრომობენ პედაგოგები: მზია გულიაშვილი, ნინო ნიჟარაძე, ნინო თანდაშვილი, ხათუნა მირიანაშვილი, ნანა ზედელაშვილი, როლანდ ბაზერაშვილი, შორენა ჩალათაშვილი.
გუშინ ამ სკოლამ, რომელიც ახლა კარდენახის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში არის შეკედლებული და რამდენიმე ოთახში უწევს სააღმზრდელო პროცესის წარმართვა, უაღრესად საინტერესო მუსიკალურ-ფერწერული საღამო შესთავაზა მოწვეულ სტუმრებს.
„ფერები მუსიკაში” – ასე ერქვა მოსწავლეთა მიერ 40 წუთის განმავლობაში წარმოდგენილ კონცერტს და მათი მუსიცირების პროცესში სხვა მოსწავლეების მიერ შექმნილ ფერწერულ ფურცელთა ერთობლიობას, რომელიც მათ მუსორგსკის, ჩაიკოვსკის, შოპენის, შოსტაკოვიჩის და სხვა კომპოზიტორთა მუსიკამ შთააგონათ. ბავშვებმა თავიანთი განწყობა ფერების საშუალებით ფურცლებზე ულამაზეს სურათებად წარმოადგინეს. ლილე მანგოშვილის, ანასტასია სულიაშვილის, ანანო ჯამასპიშვილის, მარიბელ გეთიაშვილის, თამარ ჭარელაშვილის, ეთერ ერაძის და სხვა ნიჭიერი ბავშვების მუსიცირებამ და ფერებით გამხელილმა ემოციამ შეკრებილი აუდიტორიის გულწრფელი მოწონება და ტაში დაიმსახურა. კონცერტი თავისი გამოსვლით კიდევ უფრო ღრმა და არტისტული გახადა სკოლის კურსდამთავრებულის, ამჟამად უკვე სტუდენტის თევდორე კვარაცხელიას მიერ შესრულებულმა შოპენის „ნოქტიურნმა” N8.
საღამოს დაესწრნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორი ნინო ჯოხაძე და მეთოდისტი რუსუდან ჩიტაური.
ძალიან სამწუხაროა, რომ სკოლას არასოდეს ჰქონია სტაბილური შენობა-ნაგებობა, სადაც საიმედოდ დაბინავდებოდა და განვითარდებოდა. სულ ცოტა ექვსი სამყოფელი გამოიცვალა კარდენახის სამუსიკო სკოლამ თავისი არსებობის განმავლობაში. დღეს მას ყველაზე შეუფერებელ პირობებში უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. არც დარბაზი აქვთ კონცერტის გასამართად, ოთახები კი იმდენად ვიწრო და თხელკედლიანია, რომ პედაგოგებს და ბავშვებს ხელი ეშლებათ მეცადინეობაში, ხმები ოთახიდან ოთახში აღწევს, რაც ყურადღების მობილიზებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
მდიდარი ტრადიციების კარდენახის სამუსიკო სკოლას დროა ჰქონდეს 150 მოსწავლეზე გათვლილი ტიპური ნაგებობა, რომელსაც ექნება შესაფერი სასწავლო კლასები და მცირე დარბაზი, სადაც ისინი თავიაანთი შრომის შედეგებს პერიოდულად ერთმანეთს და მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს წლებში ბევრ საჭირო და საგულისხმო პროექტს გეგმავს რაიონში. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი ყურადღება და ზრუნვა მალე დაასრულებს კარდენახის სამუსიკო სკოლის სამოცწლიან ხიზნობას, მოუთმენლად ველით, რომ სოფლის ცენტრში გაჩნდება ნაგებობა, რომელიც მუდმივ ჭერს შეუქმნის მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესებულ მომავალ თაობებს.
გიორგი ლალიაშვილი