არჩილ თალაკვაძე: ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში

“ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში. ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამის ფონზე ოპოზიცია ჩასაფრებულ პოზიციაშია და საკუთარი ქვეყნისა და მთავრობის კრიტიკაშია.

„მეორე მხარეს რომ შევხედოთ, როგორ გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია – ისინი ყოველ დღე ჩასაფრებულები არიან, რომ მოხდეს რაღაც ისეთი, რითაც საშუალება მიეცემათ, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და ქვეყანა გააშავონ და გააკრიტიკონ, რითაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკურ ქულებს მიიღებენ. ახლაც ასე მოხდა, უბრალოდ ძალიან აჩქარდნენ და როგორც ჩანს, ვისაც საგარეო პოლიტიკა აბარია, მთლად კომპეტენტური ხალხი არ უნდა იყოს – მთელმა საზოგადოებამ წაიკითხა საერთაშორისო მედიაში, რომ ამ მინისტერიალზე ჩადის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და და ასევე ჩადიან ევროკავშირის უმაღლესი პირები, მაგალითად, ბორელი.რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. სხდომას ამერიკისა და ევროკავშირის უმაღლესი პირებიც დაესწრნენ. სხდომაზე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები