შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ
“ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი“, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომიმ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთოს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომიმ.