“ნიკა მელიას შეუძლია, პარტიაში დაბრუნდეს და ახალ პოლიტიკურ საბჭოს შემოუერთდეს” – გია ბარამიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გია ბარამიძის განცხადებით, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეუძლია, რომ პარტიაში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება, ამიტომ, მგონი, პრობლემა არაა არავისთვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდეს. ნიკა მელია, სამწუხაროდ, პარტიიდან გავიდა და ეს ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ის [პარტიიდან] ოფიციალურად არის გასული. გასვლა წესდებით, საქართველოს კანონმდებლობით, ორი გზით ხდება. ერთია წერილობით, მეორე, ოფიციალური საჯარო განცხადებით. საჯარო განცხადებით გააკეთა ეს ნიკამ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ის წინადადება, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მანიფესტში, არ ეხება. ითქვა, ლევან ხაბეიშვილის მხრიდანაც, რომ კარი ყველასთვის ღიაა, ვინც კი, წინა პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანიფესტზე ფიზიკური ხელმოწერა აუცილებელი არ არის, უბრალოდ, საჯაროდ მიერთებაც საკმარისია. ნიკასაც შეუძლია, დაბრუნდეს პარტიაში და ახალ პოლიტიკური საბჭოს შემოუერთდეს. მანიფესტი არის ერთობისა და არა ვინმეს პარტიიდან გაშვების, მით უმეტეს, გაგდებისა და გარიყვის დოკუმენტი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, არის და მომავალშიც, ღმერთმა არ მოშალოს. ოღონდ ერთი რამ არის – ჩვენ უნდა შევძლოთ და უკეთესად გავაკეთოთ ის, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობები ისეთ პროცესში არ გადაიზარდოს, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები, ამ მომენტში, კონკრეტულად, საქართველოს მოღალატეობრივი ძალა და „ნაციონალურ მოძრაობის“ განადგურებაზე ორიენტირებული „რუსული ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს“,- განაცხადა გია ბარამიძემ.