არჩილ თალაკვაძე: მდინარაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი განცხადება იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისი
“მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა ის პოზიცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობთ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე თანაგუნდელ მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მარგარიტა სიმონიანის შეფასებას.
თალაკვაძის თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი განცხადება იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისი.
„რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები თუ ვინმეს უხარია და ახმოვანებს ამას, ესაა რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მან გააკეთა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი განცხადება და გაახმოვანა ის პოზიცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენ შევძელით, დაგვეცვა მშვიდობა, ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის მიღწევა. ეს არის ის სამი ძირითადი საკითხი, რაც დღეს არის უკვე ისტორია და რის გადაწერაც არ შეუძლია არც ერთ განცხადებას, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის გაკეთებული. მდინარაძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი განცხადება იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისი. რუსეთის ოფიციალურ პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პირველ სიხარულს რადიკალური ოპოზიცია გამოხატავს, რაც ვფიქრობ, რაღაცაზე მიანიშნებს. რადიკალურ ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს და რუსეთთან არიან დაკავშირებული შემოსავლებით. ვინც პირველი ეხმიანება სიხარულით, იმ ადამიანებისთვის არის გამიზნული ეს განცხადებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მარგარიტა სიმონიანმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება სოციალურ ქსელში გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმონიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. სიმონიანის თქმითვე, კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს.