არჩილ თალაკვაძე: ვპირდებით საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უკანონო ფული, არაჯანსაღი და გარე პოლიტიკური ჩარევები ვერ იქნება გადამწყვეტი

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებშიც უკანონო ფული, არაჯანსაღი და გარე პოლიტიკური ჩარევები ვერ იქნება გადამწყვეტი.

“ნელ-ნელა სიმართლე გამოაშკარავდა, ამის დაფარვა შეუძლებელი იქნებოდა და ვისაც ეგონა, რომ ყოველთვის დაფარული დარჩებოდა, ცდებოდა, საბოლოოდ, სიმართლე დღის შუქზე გამოვიდა და ნელ-ნელა ირკვევა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები დეოლიგარქიზაციის კანონის ასეთი კატეგორიული მოწინააღმდეგეები. ჯერ პირდაპირ პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა დავით კეზერაშვილმა ტელეეთერით, სადაც თქვა, რომ ის მართავს და აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს და ინდივიდუალურად პოლიტიკოსებსაც კი ვეხმარებიო ასე განაცხადა. ახლა უკვე მოვისმინეთ მეორე განცხადება, სადაც ირიბად აღიარებულია, რომ აქაც ხდება ჩარევა ტელევიზიის საქმიანობაში. პარტიულ საქმიანობაში, რომ ჩართულია ეს ისედაც ვიცოდით და ჭარბ ფინანსებს, რომ ფლობს ესეც საზოგადოებამ იცოდა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ცხადია, ეს ადამიანები რადიკალური ოპოზიციიდან რატომ იყვნენ დეოლიგარქიზაციის კანონის ასეთი კატეგორიული წინააღმდეგები. როდესაც მათ კრიტერიუმები ნახეს, რას ნიშნავს ოლიგარქიული ჩარევა პოლიტიკაში და სახელმწიფო მართვის პროცესში მიხვდნენ, რომ ეს კრიტერიუმები პირდაპირ მათ ეხებათ. ატეხეს განგაში და წერილები სულ პირიქით გადაწერეს, რომელსაც წარსულში ევროკავშირში აგზავნიდნენ. კატეგორიულად მოითხოვეს, რომ როგორმე ამ კანონის მიღება შეჩერებულიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, ისინი უკანონო ფულით ჩარეულიყვნენ, როგორც მედიის ისე პარტიების საქმიანობასა და პარტიულ პოლიტიკაში. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უკანონო ფული, არაჯანსაღი და გარე პოლიტიკური ჩარევები ვერ იქნება გადამწყვეტი და ვერ შეცვლის ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. 2024 წლის არჩევნები როგორც კი დასრულდება, შედეგები ზუსტად ასახავს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიიღებს და ამას ვერ შეცვლის ვერც მართული ტელევიზია, ვერც პოლიტიკური გაურკვეველი წარმომავლობის და ვერც ოლიგარქიული ჩარევა, ოპოზიციიდან ორი ადამიანი სულ მცირე პირდაპირ გამოიკვეთა, ვინც ამ კანონის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნებოდა ასეთი კანონი რომ მიგვეღო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები