„ცხელ გულზე“ გაკეთებული განცხადებები ჩაცხრება” – გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნაზე
„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ცალკეული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ, „ცხელ გულზე“ აკეთებენ განცხადებებს.
„გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდები, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი შეუერთდა და მიხარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. შეგიძლიათ, გაიაროთ იმ ადამიანების სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში შევიდა. ნახოთ, რამდენად ავტორიტეტული ადამიანები არიან. რაც შეეხება „ცხელ გულზე“ გაკეთებულ განცხადებებს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაცხრება, ყველა ამ ადამიანს ვიცნობ. მგონია, რომ ყველა ამ ადამიანთან მიმართებით იქნება ძალიან კარგი პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ უკვე „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად. ნახავთ კიდევ ბევრ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება და ნახავთ, როგორ მოახდენენ თავისი ხელით ჩვენთან ერთად რუსული რეჟიმის დემონტაჟს.
ახლა გვაქვს ერთტურიანი არჩევნები, პირველ ტურში გავალთ პირველ ადგილზე ხალხთან ერთად. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და შევხვდებით არჩევნებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.