ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ “ჰამასთან” ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა, რადგან დაჯგუფებამ კიდევ 10 ადამიანის სია წარადგინა, რომელსაც დღეს გაათავისუფლებს.
„ომის კაბინეტმა ღამით ერთხმად გადაწყვიტა, რომ თუ დილის შვიდ საათამდე სია არ იქნება წარმოდგენილი შეთანხმებაში აღწერილი ფორმით, მაშინ ცეცხლი დაუყოვნებლივ განახლდება. თუმცა, ისრაელმა ახლახან მიიღო ქალებისა და ბავშვების სია, შესაბამისად, ზავი გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ჰამასმა” დილით გამოაცხადა, რომ ის სთავაზობს დღეს შვიდი ქალის და ბავშვის გათავისუფლებას და დამატებით სამი დაღუპული მძევლის ცხედრის გადაცემას, რადგან მძევლად აყვანილი ქალებისა და ბავშვების პოვნას ვერ ახერხებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს მძევლები არა მხოლოდ “ჰამასმა”, არამედ სხვა მისმა მოკავშირე დაჯგუფებამ აიყვანა.
ისრაელში ამტკიცებენ, რომ დღეს უნდა გათავისუფლდეს ათი ცოცხალი ქალი და ბავშვი. მათი გათვლით, მძევლად რჩება, სულ მცირე, 15 ქალი და ბავშვი.