ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 5 თვეა ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარეთ ევროკომისიასთან, ეს გამოცდილებაც დაგვეხმარება 9 ნაბიჯის შესასრულებლად
მე ვფიქრობ, რომ 9 ნაბიჯი ბევრად უფრო მარტივი გადასადგმელია, რადგან გვაქვს უშუალო კონკრეტიკა, რას ელის ჩვენგან ევროკავშირი. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვჭირდებოდა იმის გარკვევა, რა იგულისხმებოდა ზოგიერთი რეკომენდაციის მიღმა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ევროკომისიასთან ბოლო 5 თვეში დამყარებული კარგი კომუნიკაცია 9 ნაბიჯის შესრულებაში დაეხმარება.
„ბოლო 5 თვეა ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარეთ ევროკომისიასთან, ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, ეს გამოცდილებაც დაგვეხმარება ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად. გეგმა გაწერილია, 1-ელი დეკემბრიდან, 2014 წლის ბოლომდე. არის საკითხები რაც შეიძლება წელსაც მოვასწროთ, თუმცა, ამ სამოქმედო გეგმის დიდი წილი 2024 წელზე მოდის“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაცის შესახებ კანონზე და განმარტა, რომ შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს კომპლექსურ მიდგომებს.
„ჩვენ როგორც ევროკავშირისგან, ასევე ევროკომისიისგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ დეოლიგარქიზაცია კონკრეტულ პიროვნებებზე არ უნდა იყოს აწყობილი, არამედ სისტემური მიდგომა უნდა ჰქონდეს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევიმუშავეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რიგ ღონისძიებებს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს. გეგმის მიხედვით კონკრეტულ კანონში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა. ეს არის კომპლექსური, სისტემური მიდგომა, იმისთვის, რომ კონკრეტული პირების გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და ზოგადად საზოგადოებაზე არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი.
უკრაინული კანონი წარსულს ჩაბარდა, ღიად გვითხრეს, რომ ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც თქვენ გამოგადგებათო, რადგან იქ აშკარად იყო პერსონალური მიდგომა, ჩვენ გვთხოვეს, რომ სისტემატურად მივხედოთ ამ საკითხს“, – აღნიშნა სამხარაძემ.