ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი არ არის

როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, 2013 წელს ამოქმედებული ცვლილებების შემდეგ საქართველოში არსებითად საპარლამენტო მმართველობა ჩამოყალიბდა.
“პრეზიდენტს მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც წმინდა საპარლამენტო მმართველობისთვის არ არის დამახასიათებელი, თუმცა საუბარი იმაზე, რომ საქართველოში დღეს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაა ჩამოყალიბებული, ნამდვილად არ შეიძლება. საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი და საერთოდ სუბიექტი. ზუსტად ასეა მოწესრიგებული ეს საკითხი ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს აღმასრულებელი უფლებამოსილებები მინიჭებული არ აქვს. ასეთ პირობებში ნამდვილად შეუძლებელია ამ სისტემის ნახევრად საპრეზიდენტოდ მოხსენიება”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევითობა და სხვა უფლებამოსილებები ამ მოსაზრების გასამყარებელი არგუმენტი არაა.
“ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკების დაახლოებით ნახევარში პრეზიდენტები პირდაპირი წესით არიან არჩეულები, ანუ თავისთავად ის, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესითაა არჩეული, არ ნიშნავს, რომ სისტემა ნახევრად საპრეზიდენტოა”, – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციებს საგარეო ურთიერთობების სფეროში, კობახიძის შეფასებით, ეს უფლებამოსილებები 2013 წლის შემდეგ არსებითად შეზღუდულია.
“კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა და, საერთოდ, აწარმოოს რამე სახის საერთაშორისო მოლაპარაკება, დადოს რაიმე სახის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ანუ ახალ სისტემაში პრეზიდენტის როლი საგარეო პოლიტიკის სფეროში მეორეხარისხოვანია და უპირატესი უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კონსტიტუციონალისტის თქმით, 69-ე მუხლის არსებული ჩანაწერი, რომელშიც წერია, რომ პრეზიდენტი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოაჩენს, სიმბოლურია და ანალოგიური ჩანაწერები სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების და მონარქიების კონსტიტუციებსაც აქვთ.
კობახიძისვე თქმით, პრეზიდენტი ხელისუფლების შტო არ არის, რასაც მათ შორის იურისტებიც ხშირად შეცდომით იმეორებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები