“ბიუჯეტი სარეკორდოდაა გაზრდილი, ეს ისტორიული მაქსიმუმია, დაახლოებით 28 მილიარდზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ბოლო 10-11 წელიწადში, პრაქტიკულად, სამჯერაა გაზრდილი. ეს პატარა ამბავი არაა”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.
“როდესაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა, მოგეხსენებათ, ის საბოლოო ვარიანტი არ იყო. არსებობდა მოლოდინი, რომ წლის ბოლოს მისი დაკორექტირება მოხდებოდა იმ პროგნოზით, რაც მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებული იყო, ცალკეული მიმართულებების მიხედვით დაკორექტირდა, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები ცალკეულ მიმართულებებზე გადაენაწილებინა. ძალიან კარგია, რომ პროგნოზი ახდა და ამ წელსაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, უკვე 9 თვეში – 7 %-იანი. ყველაზე კონსერვატორული პროგნოზით, წლის ბოლოს 6, 5%-ია, დიდი მოლოდინია, რომ 7 და ცოტა მეტიც იყოს, მაგალითად, 7,5%. მოგეხსენებათ, წინა წლებშიც საკმაოდ მაღალი, ორნიშნა ზრდა იყო, რამაც, ფაქტობრივად, განაპირობა ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. კიდევ ერთხელ ვამბობ: მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, როცა იზრდება საწარმოთა აქტივობა, მათი შემოსავლები, საბიუჯეტო შემოსავალიც იზრდება.
როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდა, ამ სტუდიაში სტუმრობისას გამოვთქვი სურვილი, რომ როცა წლის ბოლოს
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება მოხდებოდა, რამდენიმე მიმართულება გაძლიერებულიყო. პირველი იყო განათლება და მეორე – თავდაცვა, უსაფრთხოება, გამომდინარე იმ გლობალური გამოწვევებიდან, რის წინაშეც საქართველოა. განათლება ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალასთან პირდაპირაა დაკავშირებული. რაც შეეხება უსაფრთხოებას, გლობალური გამოწვევები, რომლებიც მსოფლიოშია, ამ საკითხის ადეკვატურად გადაწყვეტას და დაფინანსებას მოითხოვს. დაკორექტირებულ ბიუჯეტში ეს ორივე მიმართულება გათვალისწინებულია. განათლებაზე დამატებით 600 მილიონი ლარია გამოყოფილი 250 მილიონ ლარამდე კი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ერთერთ გამოწვევას, მრავალფუნქციური შუა დერეფნის საკითხს. მოგეხსენებათ, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ქვეყანა არა უბრალოდ გამტარი, ან სატრანზიტო ჰაბი გახდეს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით მრავალფუნქციურიც: ენერგეტიკის ციფროვიზაციის, წარმოებული პროდუქციის, ფინანსური მიმართულებით. ამ შუა დერეფნის სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, გადაწყობა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშეა. კარგია,რომ ამ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი, დაახლოებით 3 მილიარდ 700 მილიონი. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც მინდა, აღვნიშნო, ჯანდაცვაა. ვნახეთ, რომ კოვიდპანდემიური შოკის დროს ძალიან ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, ჩავარდა, განსაკუთრებით – პირველ ეტაპზე, როცა მთელი რიგი პრობლემები იყო. ჯანდაცვა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში რაც უფრო ნაკლებია დაავადება, ეკონომიკისთვის მუშახელის უკუგება მით უფრო ეფექტიანია. ძალიან კარგია, რომ ჯანდაცვის პროგრამები გაზრდილია, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება, არა მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელიც ისედაც შედის ამ დაფინანსებაში, არამედ კვლევების და წინა პერიოდის, ანუ პრევენციული ღონისძიებები.
ძირითად მიმართულებებს შევეხე. მოგეხსენებათ, საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. საჯარო მოხელეების ხელფასები წინა წლებშიც იზრდებოდა, რაც ძალიან კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ როცა საჯარო სექტორის ხელფასები იზრდება, კერძო სექტორთან გარკვეული კონკურენცია ხდება და ანაზღაურებას კერძო სექტორიც ზრდის. ვხედავთ, რომ თუნდაც ბოლო 3 წლის მანძილზე საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
ზოგადად, რამდენიმე პარამეტრს შევეხები: ბიუჯეტი სარეკორდოდაა გაზრდილი, ეს ისტორიული მაქსიმუმია, დაახლოებით 28 მილიარდზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი, ბოლო 10-11 წელიწადში, პრაქტიკულად, სამჯერაა გაზრდილი. ეს პატარა ამბავი არაა. ეს საკმაოდ მაღალი ნიშნულია. როგორც მახსოვს, 2012 წელს, დაახლოებით, 9 მილიარდამდე იყო. ეს არის გაზრდილი შემოსავლები, დაფინანსებები. მთავრობის მთავარი პრიორიტეტი რაცაა, გითხარით. რაც მთავარია, გაზრდილი ბიუჯეტი შედარებით დაბალანსებულია. გამოწვევა ის კი არ არის, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, ამოცანა ისაა, ეს ბიუჯეტი რომ გაიზრდება, ფული სად განაწილდება, რამდენად დაბალანსებული იქნება. არ ვამბობ, რომ ეს იდეალური ბიუჯეტია. იდეალური ბიუჯეტი ხშირად ძნელი წარმოსადგენიცაა.
მაგრამ ჩვენ პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, თუ როგორია ჩვენი განვითარება. 2027 წლამდე, თუ კონსერვატორული ზრდის პროგნოზს ავიღებთ, რომელიც საშუალოდ 5 %-ია, ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 108 მილიარდ ლარამდე იზრდება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს 86 მილიარდია. ამ ზრდის პირობებში ბიუჯეტიც გაიზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი ხელფასი და პენსია ნელ-ნელა საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს მივუახლოოთ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მანვე იმ პერსპექტივის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აჩენს.
“მოგეხსენებათ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პრაქტიკულად, მიიღო. აქ საუბარია, არა სტატუსის პერსპექტივაზე, არამედ სტატუსის მიღების შემდეგ გვაქვს საკამოდ კარგი პერსპექტივა, უახლოეს 6-7 წელიწადში უკვე ევროკავშირის წევრობა მივიღოთ.
ვამბობთ, რომ ფანჯარა გაიხსნა, აქამდეც იყო ბევრი ქვეყანა , რომლებსაც სტატუსი ჰქონდათ, მაგრამ ევროკავშირის წევრობას ხშირად 10-12, 17 წელიც კი ელოდებიან. მაშინ ეს გარკვეულწილად, შეჩერებული იყო, იმის გამო, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაფართოებაზე კონსენსუსი არ იყო, ვიცით, რომ დღეს ეს კონსენსუსი შემდგარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრაქტიკულად, შეიძლება იმავე გზის ავლა მოგვიწიოს, რაც 1998-2005 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდმა ნაწილმა, ევროკავშირის ე.წ. მეოთხე და მეხუთე გაფართოებისას გაიარა. როცა ბიუჯეტის სამომავლო პროგნოზსა და ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობ, ეს კონსერვატორული შეფასებაა, ჩვენ , შესაძლოა, უფრო მაღალი ზრდაც გვქონდეს. როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს და წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამ 6-7 წელში, სანამ ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ, ყველზე დიდი ეკონომიკური გარღვევაც მოხდა. ამ წლებში ამ ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, ეკონომიკის ყველაზე მაღალი ზრდა მოხდა, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკა 80-100 %-ითაა გაზრდილი, ანუ, მათი ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაორმაგდა.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში გაორმაგდა და გასამმაგდა საშუალო ხელფასი, პენსიები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყნებმა ეკონომიკის ტრანსფორმაცია სწორედ მაშინ მოახდინეს. ანალოგიურად, შეიძლება, ეს პერსპექტივა საქართველოზეც გადმოვიტანოთ. ჩვენც გვაქვს ძალიან კარგი შანსი, ზუსტად ამ წლებში, (2024- 2030 წლებს ვგულისხმობ , სავარაუდოდ, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაა ჩაფიქრებული) საკმაოდ დიდი ბენეფიტები მივიღოთ , რაც ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეიძლება, გააორმაგოს კიდეც. აქედან გამომდინარე, თუ კონსერვატორული შეფასებით, გვაქვს პროგნოზი, რომ 2027 წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ 11 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე საშუალო ევროპულ დონეს ვუახლოვდებით, რომელიც 15 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება უმუშევრობის თემას, ევროპის ქვეყნებზე როცა ვსაუბრობ, ამ პერიოდში მათი უმუშევრობის დონე საშუალო ევროპულზე ქვემოთ დავიდა. მაგალითად, ხორვატია , უნგრეთი რომ ავიღოთ, სადაც უმუშევრობა შედარებით მაღალი იყო, დღეს მათი მაჩვენებელი საშუალო ევროპულთან, ან უფრო ქვემოთაა.საშუალო ევროპული დღეს 6,2%-ია. ამიტომ, ჩვენთან უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი დაწევაც მოსალოდნელია. უმუშევრობის დაწევით ქვეყანაში სამუშაო ძალაც იზრდება და დემოგრაფიაც უკეთესი ხდება. თუ დღეს შრომითი მიგრაციის პრობლემა გვაქვს, შეგვეძლება ეს პროცესი შევანელოთ “- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად გაიგზავნება.
“ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად. ეკონომიკური ზრდა – 5,2%-ის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და შეადგენს 2,5%-ს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 38%-ის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს აჭარბებს. ასევე, წარვადგენთ მომდევნო წლების პროგნოზებსაც და 2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა – 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, არის დაახლოებით 11 ათას დოლარამდე, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს – ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება, დაახლოებით, 165 მლნ ლარით, იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა გადააჭარბებს 25 მილიარდ ლარს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.