შალვა პაპუაშვილი: გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს
,,ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი” ,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას ეხებოდა.
მისი შეფასებით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება სამწუხაროა.
„ეს შეხვედრა ორგანიზებულია პოლონეთის მთავრობის მიერ. ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა ასეთი, რაც არის სამწუხარო. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთის ხელისუფლების არასწორ დამოკიდებულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს პოლონეთს. ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, რა თქმა უნდა, ასეთი არამეგობრული ნაბიჯი არ არის გასაკვირი.
პოლონეთმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, გადაწყვიტა. მთავრობას, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, იმასთან როგორ უნდა დალაგდეს ქართველი ხალხი. ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ ვერ გადავარწმუნეთ, რომ აქსიომაა, ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს, ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმისა და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.