გიორგი მუმლაძე: ლევან ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს

“სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას არ ემსახურება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე აცხადებს.

მუმლაძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე დავიწყე საუბარი. ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით დადებითი შედეგები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემი პოზიცია მქონდეს შექმნილ ვითარებაზე.

სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას არ ემსახურება, ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არც ერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს, ან პარტია შესუსტდეს. ამიტომ, მივიჩნევ, ამ სიტუაციაში გამოსავალია, მან პასუხისმგებლობა აიღოს, თანამდებობა დატოვოს და ამის შემდეგ მოწვეული იყოს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით, სწორედ, ეს პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს. მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ, პოლიტსაბჭო წარმართავს საქმიანობას, ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის მექანიზმი, ვინაიდან ჩვენ დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით. ყველა ის განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ წარმომადგენელი ჰყავს პარტიის მართვაში და ამ შემთხვევაში, მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, პირველი, ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ 9 თვის განმავლობაში რეალურად პარტიის ვერ გაძლიერებაზე, მეორეს მხრივ, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ ნებისმიერი პრივილეგია, თანამდებობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად ჩვენ გვეკისრება, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაწილში“, – განაცხადა მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები