დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2023 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2023 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი”, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა” და სხვა მიმდინარე პროექტების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით, საგრანტო პროგრამები დიასპორელებში დიდი ინტერესსა და მოწონებას იწვევს.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპილოტე რეჟიმში განახორციელა საგრანტო პროგრამა – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა”, რომლის მიზანია უცხოეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. მუხრან გულაღაშვილის თქმით, აღნიშნულ პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა, რაც საქართველოს რეგიონებში ანსამბლების გასტროლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი”. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 15 ქვეყანაში ჰყავს ახალგაზრდა ელჩი.
მუხრან გულაღაშვილის თქმით, საგრანტო პროგრამები მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპულ გზაზე საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ასევე, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობისა და თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო პროგრამების განხორციელების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებთან.