ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ დაწყებული თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა” – ფარგლებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიზნობრივ აუდიტორიებთან ჩატარებული გამოკითხვის შესახებ და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმოჩენილი მიგნებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, სამინისტროს სტრუქტურების, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობას, პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას, ნაადრევი დიაგნოსტიკის საკითხებს, თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლების დანერგვასა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერას ეხებოდა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ჯგუფის საბოლოო მიზანს კვლევების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს, რომლებიც პაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ამ თემატური მოკვლევის ფარგლებში უდავოდ მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით. სახელმწიფო, კერძოდ,  მთავრობა მართლაც ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც 2023 წელს რაც გაკეთდა და რა თანხების მობილიზებაც მოხდა ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის, ნამდვილად უპრეცედენტოა. რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი პარლამენტის, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და იმედი მაქვს, ამ ერთობას კვლავაც შევინარჩუნებთ, რაც წარმატების საწინდარი იქნება”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები